რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის საქართველომ 5 მლნ აშშ დოლარის გრანტი მიიღო
დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ილია დარჩიაშვილი, აღნიშნული გრანტის განკარგვას სწორედ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
დოკუმენტი ითვალისწინებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, ქვეყანაში 2014 წლიდან მიმდინარე „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ თანმდევი ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
„მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს დახმარებას. მისი მხარდაჭერით საქართველოსთვის მოძიებულ იქნა დამატებითი ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, რათა მოსახლეობამ რეგიონებში მიიღოს სრულყოფილი მომსახურება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მიღებული ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობას.
„გრანტი რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, მოემსახურება ადგილობრივი თვითმართველობების შესაძლებლობების გაუმჯობესებას და გაძლიერებას , აღნიშნული გრანტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები თვითმმართველობების დაეხმარებათ უკეთესად მართონ საკუთარი ბიუჯეტი და აქტივები“- გნაცხადა ილია დარჩიაშვილმა .
„შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან დღეს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება მნიშვნელოვანია ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის დაფუძნებისთვის. საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ხელს შეუწყობს ადგილებზე ბიუჯეტირების, დაგეგმარების, აქტივების ეფექტიანად მართვის პროცედურების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ასევე ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, ენერგოსისტემის გაუმჯობესების კუთხით, რაც სტიმულს მისცემს რეგიონებში კერძო ინვესტიციების მოზიდვას,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.
აღნიშნული პროექტისთვის მსოფლიო ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის განხორციელება ნავარაუდებია 2015 -2017 წლებში.