ავტომაგისტრალის მშენებლობის მარშრუტი: თბილისი-რუსთავი და პირიქით
ის, ვინც რუსთავს კარგად იცნობს, მაგრამ გასული წლის აგვისტოს შემდეგ იქ არ ყოფილა, ქალაქის შესასვლელს ვეღარ იცნობს. ის კი არა, ვერც იმ გზას იცნობს, ფონიჭალიდან რუსთავამდე რომ მიდის. მანქანით მიმავალს, ახლად დაგებული ბეტონის გზის გავლა მოუწევს, რუსთავის შესასვლელთან კი ქალაქში შემავალი ძველი საავტომობილო გზა აღებული და იქაურობა გადათხრილი დახვდება. რუსთავის შესასვლელი თბილისი-რუსთავის მშენებარე მაგისტრალის ბოლო უბანია.
მიწანაყარ ტერიტორიაზე თვალში მოგხვდებათ მძიმე სამშენებლო ტექნიკა-გრეიდერები და სატვირთო თვითმცლელები, რომლებიც გრუნტის დაყრასა და გასწორებაზე მუშაობენ.
სამშენებლო უბნის უფროსი, რომელიც რადიო თავისუფლებას დავითის სახელით გაეცნო, ამბობს, რომ ამჟამად ქალაქის შესასვლელში გრუნტი ფენა-ფენა იყრება - კეთდება ფუძე საავტომობილო გზისთვის; გარდა ამისა, შენდება გზა-გამტარი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდი. აი, რას ამბობს საქმის მწარმოებელი:
“ეს არის შემოსაბრუნებელი. ხიდზე ამოხვალთ და დაბრუნდებით უკან, თბილისის მხარეს. ფენები სწორდება, ფენებს სახელები ჰქვია: ბეისი, ბეისი და სანგრადი, ანუ ეს ფენები სწორდება. ამის შემდეგ კიდევ ორი ფენა იქნება და მერე ასფალტი”.
სამ მონაკვეთად დაყოფილი 17-კილომეტრიანი თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. ფონდმა ტენდერი ჯერჯერობით პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობაზე გამოაცხადა. პირველი ორთაჭალა-მლეთის გადასახვევამდე გრძელდება, მესამე, 6-კილომეტრიანი მონაკვეთი, ფონიჭალიდან რუსთავამდე მანძილს მოიცავს.
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო“ აწარმოებს, რომელმაც დამკვეთს მშენებლობისთვის ყველაზე დაბალი ფასი - 88 მილიონი ლარი -შესთავაზა. ამ კომპანიის ადგილობრივი ფილიალის აღმასრულებელი მენეჯერი, ყოფილი პარლამენტარი გურამ ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება:
„მესამე ლოტზე ხელოვნური ნაგებობები, ხიდები, მილები, კონსტრუქციული სამუშაოები ძირითადად დამთავრებულია. პირველ ლოტზეც დამთავრებულია, ძირითადად. მესამე ლოტზე ბეტონის საფარი ძირითადად მოწყობილია. პირველ ლოტზე მიმდინარეობს მიწის სამუშაოები - პატარა ხიდი, ხელოვნური ნაგებობებია გასაკეთებელი და, დასრულდება თუ არა, იქაც დავიწყებთ მოასფალტებას“.
გურამ ვახტანგაშვილი არ მალავს, რომ მშენებლობის დროს, მისივე სიტყვებით, მცირე ხარვეზები დაუშვეს, რომელთა აღმოფხვრაც გზის ექსპლუატაციაში გაშვებამდე მოხერხდება. როგორ აფასებს გზის მშენებლობის ხარისხს თავად დამკვეთი -მუნიციპალური განვითარების ფონდი?
აი, რას ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი:
„შეიძლება რაღაც მონაკვეთზე ბეტონის ხარისხი არ იყოს დამაკმაყოფილებელი, ზოგიერთი მონაკვეთი, სადაც არის ასფალტის გადაბმები, შეიძლება არ გამოიყურებოდეს დამაკმაყოფილებლად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ბოლო სახე იმ გზის, რომელიც, საბოლოო ჯამში, უნდა მივიღოთ და მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს“.
რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, რომელიც სოღანლუღ-ფონიჭალის ტერიტორიაზე გამავალი გზის ტრაექტორიას იმეორებს, მისი მშენებლობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული იმ თვალსაზრისით, რომ გზის გასწვრივ კერძო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლებია:
„თუკი იქნება დასკვნა, რომ რაღაც ტიპის ზემოქმედება ექნება აღნიშნულ გზას მოსახლეობის იმ საცხოვრებელ სახლებზე, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ დადგენილი სტანდარტებით. შესაბამისად, ეს დასკვნა, სამწუხაროდ, საბოლოო ვერსია ჯერ არ არის; უახლოეს დღეებში, ალბათ, გვექნება. ცხადია, ეს ინფორმაცია, ჩვენთვის იქნება საფუძველი, რომ დავგეგმოთ ჩვენი მომავალი აქტივობები“.
ილია დარჩიაშვილი დასძენს, რომ იმის მიუხედავად, რა დასკვნას დადებენ ექსპერტები, ფონდი სატენდერო განაცხადზე მუშაობას იწყებს.
„სინო ჰიდროს“ აღმასრულებელი მენეჯერი გურამ ვახტანგაშვილი ამბობს, რომ ჩინური კომპანია ახალი ტენდერის მოლოდინშია, თუმცა კომპანია იმასაც აცნობიერებს, რომ მეორე მონაკვეთის მშენებლობა გაცილებით ძვირი დაჯდება. ვახტანგაშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით, მშენებლობის ფასში ის 42 მილიონი ლარიც შევა, რომელიც გზის გასწვრივ მცხოვრებლებს გასახლების შემთხვევაში საკომპენსაციოდ გამოეყოფა.