სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს „ქვევრის სახლის“ მშენებლობა დაიწყო

2 ივნისი 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ იყალთოში ქვევრის  სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა დაიწყო.  პროექტის ღირებულება 2 290366,37 ლარია და ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების დაწყებას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ილია დარჩიაშვილი ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე დავით მახარაძესთან ერთად  დაესწრო. პროექტის მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება. გარდა ამისა, სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების წესი და შენარჩუნებულ იქნეს უძველესი ტრადიციები. რაც ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების რაოდენობის გაზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

როექტის განხორციელების კიდევ ერთი მთავარი ამოცანა მატერიალური და  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა.  პროექტის ძირითადი ბენეფიციარები  კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები იქნებიან, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, გაუმჯობესებულ პირობებში  გაეცნონ ქართულ ძირძველ ტრადიციებს და  გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოების გამო.  ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე აქვს მინიჭებული, რაც პროექტს კიდევ უფრო მნივშვნელოვანს ხდის.  მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება რეგიონს.  გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში 70 ადამიანი იქნება დასაქმებული 2016 წლის სექტემბრამდე.

 

პროექტის ფარგლებში აშენდება სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო , კერძოდ, ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. იყალთოს სკოლა სახელოსნოში ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი ნახოს ქვევრის დამზადების უძველესი ტექნოლოგია, ამას გარდა ობიექტს ექნება მუზეუმი სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფიქნება, გარდა სახელოსნოსა და მუზეუმისა, ობიექტს ექნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ კაფე, ამასთან ტურისტებს ექნებათ საშუალება თავად ადგილზე ისწავლონ და  დაამზადონ თიხის ჭურჭელი. 

პროექტით გათვალისწინებულია წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების,  ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემის მოწყობა. ამას გარდა, მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა.  „ქვევრის სახლის“ სკოლა-სახელოსნო კომპლექსურ ნაგებობათა ტიპს განეკუთვნება. სკოლა-სახელოსნოს აშენების შემდეგ ახალი თაობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეისწავლის არამარტო ქვევრის დამზადების წესს, არამედ ძველი ქართული სასმისების და ღვინის ჭურჭლის დამზადების მეთოდებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა-სახელოსნოში, ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შესწავლის მიზნით, ყველა მსურველისთვის სალექციო კურსები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება.  ასევე, მოხდება ქართული კერამიკული წარმოების პოპულარიზაცია.