საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის როლი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფისა“ და “ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ ინიციატივით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი სემინარი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ეფექტურად განხორციელების საკითხების განხილვას დაეთმო. სემინარის ფარგლებში ვიშეგრადის ქვეყნებმა (პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი და უნგრეთი) საქართველოსა და მოლდოვას გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტური დიალოგის შექმნის პროცესში დაუგროვდათ. თავის მხრივ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა საკუთარ მოხსენებაში სემინარში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხში ფონდის მიერ შეძენილი გამოცდილება გაუზიარა.
ილია დარჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ ურთიერთობს მუნიციპალური განვითარების ფონდი საზოგადოებასთან და რა ადგილი უჭირავს ფონდის საქმიანობაში კერძო სექტორთან თანამშრომლობას. ფონდის დირექტორმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ შეიძლება მოხდეს კერძო ბიზნესის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირების პროცესში. დარჩიაშვილმა აღნიშნულ პროცესში დონორი ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოლდოვისა და ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებმა, ასევე, მთავრობის წევრებმა, ბიზნეს ასოციაციებმა და სფეროს ექსპერტებმა. ღონისძიებაში მონაწილე მხარეებმა განაცხადეს, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. ორგანიზატორების ინფორმაციით ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, პროექტის მეორე სამუშაო შეხვედრა 2015 წლის ოქტომბერში მოლდოვასა და კიშინიოვში გაიმართება.