თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი - რუსთავის 17,4 კმ -იანი ავტომაგისტრალის მშენებლობას ახორციელებს. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 96 685 218.40 ლარია. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა.
პირველ მონაკვეთზე უკვე დასრულდა მიწის სამუშაოები და როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მიმართულებაზე- ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, კერძოდ, წყალგამტარი მილების მოწყობა და მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მიმართულებაზე. მარცხენა მიმართულებით უკვე დაიგო 3 კმ ასფალტო-ბეტონის საფარი, მარცხენა მიმართულებით კი 3 კილომეტრზე მეტი, ჯამში ორივე მიმართულებაზე 8 -კმ ასფალტო-ბეტონის საფარი უნდა მოეწყოს. დასრულდა ორი საავტომობილო ხიდის და ერთი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, მიმდინარეობს 2 საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. პროექტის მესამე მონაკვეთზე 2015 წლის იანვარში დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. გზის ორივე მიმართულებით დაიგო ბეტონის საფარი, ჯამში 12 კილომეტრი. ასევე, დასრულებულია 4 ხიდის მშენებლობა. გაკეთდა 3 სატრანსპორტო კვანძი და 3 საფეხმავლო ხიდი. ამასთან, მიმდინარეობს გზის შემოფარგვლისა და ფეხით მოსიარულეთათვის ბილიკების (ტროტუარების) მოწყობა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება გარე განათების მონტაჟი. ამჟამად მესამე მონაკვეთზე მიმდინარეობს სატრანსპორტო კვანძებთან მისასვლელი გზების მოწყობა, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შედგენილი პროექტი (2011-2012 წელს შემუშავდა პროექტი) არ ითვალისწინებდა გზის გარე განათების ქსელისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობას, რაც პროექტის სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენა, კერძოდ, ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ მოსახლეობას შიდა გზების არარსებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხებით, მიიღო გადაწყვეტილება და პროექტში შეიტანა ცვლილება, რის საფუძველზეც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება. პროექტში ცვლილებების შეტანამ გაზარდა საკონტრაქტო ღირებულება და ჯამში ნაცვლად 88 761 128,95 ლარისა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის ღირებულებამ 96 685 218.40 ლარი შეადგინა. პროექტის დასრულება კონტრაქტით 2015 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან პროექტში შევიდა ცვლილება და დამატებითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს (გარე განათება და მეორადი გზები) კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების ვადა გაუგრძელდება და პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.
ავტომაგისტრალის სიგრძე 17,4 კილომეტრია. ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა და, შესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი: პირველი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან რესტორან „მარაბდამდე“ - სიგრძით 4 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე - 3,5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები, სიგანით 2,5-3,0 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.
მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - საორიენტაციო სიგრძით 6,8 კილომეტრი. ამ მონაკვეთზე იგეგმება მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3 ,75 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.
მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან მდებარე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.
რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მეორე მონაკვეთის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.