კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22 სექტემბერი 2015

კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი აშენდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 757378,65  ლარია. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ  დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

პროექტის ფარგლებში საჭიდაო შეჯიბრებისთვის წრიული დარბაზი გაკეთდება. ამას გარდა, კეთდება ჭიდაობისთვის საჭირო სავარჯიშო სპორტ-დარბაზი. მოეწყობა ფიტნესისა და კალათბურთის დარბაზები. ასევე, მოხდება ძველი სასტუმროს შენობის რეაბილიტაცია.

 

სამუშაოების ფარგლებში უკვე განხორციელდა ძველი კალათბურთის დარბაზის სრული დემონტაჟი და მიმდინარეობს ახალი დარბაზის მშენებლობა. პარალელურად მიმდინარეობს სასტუმროს შენობის სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, ხორციელდება ფასადის და ინტერიერის მოპირკეთება. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს საჭიდაო და წრიული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები.

 

პროექტის განხორციელების შედეგად კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი იქნება. სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“ ასრულებს.