რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მისმა საქვეუწყებო ორგანიზაციებმა საზოგადოებას 3 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს, ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“, სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების 3 წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 3 წლიანი ანგარიშში ვრცლად იყო საუბარი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. პრეზენტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახშვილმა გახსნა. მინისტრმა, დამსწრე საზოგადოებას, სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ღონისძიებებზე.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა: მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა; სოფელ დართლოს რეაბილიტაცია; ხევსურეთში როშკა-არხოტის გზის მშენებლობა; კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაცია, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები; ღია მმართველობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და ა.შ.