ADB-ის მხარდაჭერით ბათუმში ნაპირდაცვის პროექტი განხორციელდება
დღეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის - პროექტი 4“-ის განხორციელების მიზნით სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა. ტრანშის ფარგლებში ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაფინანსდება. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დღესვე მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ADB-ის შორის ხელი მოეწერა საპროექტო ხელშეკრულებას. საპროექტო დოკუმენტს ხელი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერეს.პროექტის განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკი 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის განსახორციელებლად იტალიური საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალის“ მიერ პროექტის დეტალური დიზაინი უკვე მომზადებულია. ამჟამად მიმდინარეობს დიზაინის შეთანხმება დონორ ორგანიზაციასთან. ახლო მომავალში კი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
შეგახსნებეთ, რომ „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის" განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2010 წლის 21 ივნისს ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის თაობაზე. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება მრავალტრანშიანი დაფინანსების მექანიზმი (MFF). პროგრამის მიზანია საქართველოში ურბანული სატრანსპორტო სისტემის მუშაობის გაუმჯობესება.
დღეისათვის უკვე დამტკიცებულია სამი ტრანში და მიმდინარეობს ტრანშებით გათვალისიწინებული პროექტების განხორციელება. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის თბილისში 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა და თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება მეორე მონაკვეთის მშენებლობაც.