საუკუნის პროექტი - როშკა -არხოტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი, 28კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები დღეს სოფელ როშკაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნეს. აღსანიშნავია, რომ როშკისა და არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა, ამ დრომდე იქ გადაადგილება მხოლოდ ფეხით , ცხენითა და ვერტმფრენით არის შესაძლებელი. საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და დაფინანსებით 2017 წლიდან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სრულიად ახალი გზა დააკავშირებს ერთმანეთთან. გზის მშენებლობის შემდეგ მშობლიურ სოფელში ათობით ოჯახი დაბრუნდება. პროექტის ღირებულება - 10 900 000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, სოფელი არხოტი ნელ-ნელა დაიცალა და ამ დროისთვის საზღვირსპირა სოფელში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. 4 ოჯახიდან ზამთარში სოფელში მხოლოდ 2 ოჯახი რჩება, შესაბამისად, აღნიშნული გზის მშენებლობას ამ მხარის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ცნობილია, რომ გზის მშენებლობის შემდეგ, სოფელ არხოტში ათობით ოჯახი აპირებს დაბრუნებას. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, გზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრში გამართულ პრეზენტაციაზე გაახმოვანა. პატრიარქმა გზის მშენებლობა დალოცა და მას საუკუნის პროექტი უწოდა, ვინაიდან, როშკისა და არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არასდრეს ყოფილა. იქ მცხოვრები ადამიანები მხოლოდ ფეხით და ცხენის საშუალებით ახერხებდნენ გადაადგილებას.
გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროექტის განხორციელებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სტრატეგიულად, ისე რეგიონის ეკონომიკური წინსვლისთვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. სოფელ არხოტში ათობით ოჯახის დაბრუნება კი მხარის შენარჩუნებისთვის, საზღვრის გაძლიერების, ტერიტორიების დაცვისთვისა და ქვეყნის განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სამშენებელო ობიექტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თბილისიდან 120 კმ. მანძილზე. საპროექტო გზა სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მთავრდება მდ. ასას ხეობის გავლით სოფელ ამღაში. არსებულ მონაკვეთზე ამჟამად მხოლოდ საცალფეხო ბილიკია. პროექტის ფარგლებში გაიჭრება 6 მ სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა. გზაზე ასევე დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. მათ შორის, გაკეთდება 7 ხიდი და მოეწყობა ნაპირდამცავი ნაგებობები. შესაბამისად, 28 კმ-იან მანძილზე, სადაც ახლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკია და ცხენებით არის გადაადგილება შესაძლებელი 2017 წელს მოსახლეობას სრულიად ახალი გზით, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეეძლება გადაადგილება.
პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი მანძილი, სადაც გზის მშნებელობა დაიწყო, რთულ რელიეფურ პირობებში მდებარეობს. საუბარია ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე. შესაბამისად, ადგილზე სამუშაოდ საკმაოდ რთული გარემოა. აღსანიშნავია, რომ გზის პროექტის მომზადებისას სპეციალისტები ფეხით გადაადგილდებოდნენ და ძალიან რთულ პირობებში მუშაობის შედეგად მომზადდა გზის სამუშაო პროექტი, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
ახალი გზის გახსნას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები- თორნიკე თორაძე და ტარიელ გუგავა ესწრებოდნენ, მათთან ერთად ახალი გზა დუშეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა- დეპუტატმა ერეკლე ტრიპოლსკიმ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გახსნეს.
ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შპს FIN –ESTATE ასრულებს.