სოფელ მარელისში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს. სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 091438,00 ლარია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გრუნტის გზა არის და ასფალტის საფარი იქ არასდროს ყოფილა.
მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. 4 კმ-იანი გზის სიგანე 4,5 მეტრია. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ზედაპირული წყლების მოცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ამას გარდა, განხორციელდება გზის უსაფრთხოების სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.