მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტისა" და რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობა იწყება

11 თებერვალი 2014

რამდენია მუნიციპალური განვითარების ფონდის 2014 წელს ბიუჯეტი და რა არის წელს თქვენი ფონდის პრიორიტეტი, რა პროექტებს მოხმარდება ეს თანხა?


2014 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 250 მილიონი ლარით. მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს დონორების მიერ დამტკიცებულ 3 ან 4 წლიან პროგრამებს. ეს პროგრამები მოიცავენ სხვადასხვა ტიპის პროექტებს, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ პროგრამით განსაზღვრული შესაბამისი კრიტერიუმები.
პროგრამა არის სასესხო ხელშეკრულება, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო დონორთან აფორმებს, შემდეგ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ხდება პარლამენტის მიერ და განისაზღვრება ჩარჩო პირობები.

2014 წლის ბიუჯეტში ჩვენ გვაქვს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მდგრადი ურბანული განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში განხორციელდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა, დაგეგმილია მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა, მიმდინარეობს ანაკლიის პირველი ფაზის ნაპირდაცვითი სამუშაოები, ასევე დაფინანსდება მეორე ფაზის მშენებლობა. ამ პროგრამაში მოიაზრება ბათუმის ნაპირდაცვითი პროექტიც.

ჩვენ გაქვს მიმდინარე რეგიონალური განვითარების პროექტები, – კახეთი, იმერეთი და ასევე რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების პროგრამები. ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, რომ დავიწყოთ რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ახალი პროგრამა. საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ეს სესხი, სავარაუდოდ, ივნისში გაფორმდება. ზუსტი თანხა განსაზღვრული არ არის, მაგრამ დაახლოებით 80 მილიონ დოლარამდე იქნება. ამ პროგრამაში პრიორიტეტები იქნება მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, რაშიც შედის მუნიციპალური გზები, გარე განათება, წყალმომარაგების სისტემა, ასევე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა , რაც გულისხმობს საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებას და გერძო სექტორის წახალისებას.

- თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა ახსენთ, რა ეტაპზეა ეს პროექტი, რა მიზეზით გაჭიანურდა და როდის დაიწყება სამუშაოები?

- 2012 წლის დეკემბერში ფონდში ახალი მენეჯმენტის მოსვლის პერიოდში რუსთავი-თბილისი ავტომაგისტრალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია იყო ნიუ-ენერჯი. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოედგინა ხელშეკრულების უზრუნველყოფის და საავანსო გარანტია, რომლის წარმოდგენაც ვერ შეძლო, რადგან ამ პერიოდში ნიუ-ენერჯის გარკვეული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამ შემთხვევაში ან გამარჯვებულად უნდა გამოცხადებულყო მეორე ადგილზე მყოფი კომპანია ან უნდა ჩაშლილიყო და თავიდან ჩატარებულიყო ტენდერი. საკითხი განვიხილეთ სამეთვალყურეო საბჭოზე, რომელშიც შედის პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. დადგინდა, რომ გარკვეული დარღვევები არსებობდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა 2012 წლის 14 სექტემბრამდე გარკვეული არ იყო, თუმცა, ჯერ კიდევ 20 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტმა და ნიუ-ენერჯის წარმომადგენლებმა ამ პროექტის დაწყების შესახებ სატელევიზიო ეთერში განაცხადეს. კადრებში კარგად ჩანს, რომ მობილიზებულ სამშენებლო ტექნიკაზე კომპანია ნიუ-ენერჯის ლოგო იყო.

ამ ყველაფერმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ ტენდერის გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად ჩატარება. გარდა ამისა, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვას თავისი კატეგორია აქვს და მით უფრო, რომ ეს არის რთული კატეგორიის ავტობანი. სამუშაოების დაწყება მშენებლობის ნებართვის გარეშე კანონმდებლობის დარღვევაა. პროექტით არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი მუშახელის დაქირავების აუცილებლობა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმებულიყო ტენდერი და გარკვეული პერიოდი მოხმარებოდა პროექტის გადახედვას, სამშენებლო ნებართვის აღებას და ახალი ტენდერის გამოცხადებას. დავიწყეთ აზიის განვითარების ბანკთან მოლაპარაკება, რომ სატენდერო პირობებში ჩადებულიყო პირობა, რომ პროექტზე დასაქმებული ე.წ. არაკვალიფიციური მუშახელი ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილიყო. ამ პირობის პროექტში ჩადება დიდი ძალისხმევის ხარჯზე მოვახერხეთ, აზიის განვითარების ბანკი უარს ამბობდა, რადგან ეს პირობა მათი აზრით კონკურენციას ზღუდავდ, თუმცა საბოლოოდ დავითანხმეთ.
რაც შეეხება პროექტის გაჭიანურებას, ტენდერის გამოცხადებას და შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენს აქვს თავისი პროცედურები, რომლის დაცვა აუცილებელია. ტენდერის გამოცხადებიდან 45 დღე არის საჭირო წინადადებების მისაღებად, ამის შემდეგ 120 დღე შეფასებისთვის, შეფასება არის რთული პროცესი. ჩვენ შეფასება ძალიან მოკლე დროში დავამთავრეთ. ეს შეფასებები გადაიგზავნა აზიის განვითარების ბანკში, მათ გარკვეული კითხვები ჰქონდათ აღნიშნულ შეფასებასთან დაკავშირებით, კერძოდ დასაზუსტებული იყო გარკვეული საკითები.

ამ საკითხების დაუზუსტებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო პროექტი 10 მილიონი დოლარით გაძვირებულიყო, პროექტის დაზუსტებამ გარკვეული დრო მოითხოვა. დეკემბრის ბოლოს აზიის განვითარების ბანკთან შევთანხმდით და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. , ამ კომპანიას აქვს ვადა მიცემული, რომ წარმოადგინოს საავანსო და სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რათა გადაირიცხოს ავანსი და დაიწყოს სამუშაოები. ამ დოკუმენტაციას თებერვლის ბოლოსთვის ველოდებით, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.

ასევე, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი განახორციელებს მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობას, მეტროს მშენებლობა რამდენიმე წელია დაკონსერვებულია, რა ეტაპზეა ამჟამად აღნიშნული პროექტი და როდის გამოცხადდება ტენდერი?

მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. საპროექტო კომპანიისგან პროექტის ჩაბარების შემდეგ ჩვენ დავიქირავეთ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახდინა ამ პროექტის ექსპერტიზა. ფონდში ჩვენი მოსვლისას, რეალურად პრობლემა იყო თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და აღნიშნული პროექტის ავტორებს შორის კომუნიკაცია. მერიის როლი მნიშვნელოვანია, რადგან პროექტის საბოლოო ექსპლუატაციაში მიმღები სწორედ ის არის. ჩვენ ჩავრთეთ მერია პროექტში და მათ გამოთქვეს მოსაზრება პროექტში არსებულ სიგნალიზაციის სისტემასთან დაკავშირებთ.

ეს პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ, შესაბამისად, მათი მოთხოვნა იყო, რომ ახალი სისტემა საერთაშორისო სტანდარტების ყოფილიყო. არსებული მეტროს სისტემა არის საბჭოთა დროინდელი, შესაბამისად, სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებმა წამოწიეს საკითხი, რამდენად შესაბამისობაში იქნებოდა ახალი სისტემა ძველთან.

ამის პრობლემის გადაზღვევის კუთხით, ჩვენ გავითვალისწინეთ ბენეფიციარის მოსაზრება და პროექტში კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ ეს საკითხი. სიგნალიზაციიის სისტემა ძალიან მნიშვნებლოვანია, ამაზეა აწყობილი მეტროს უსაფრთხოება. ეს ყველაფერი უკვე გარკვეულია, ჩვენ ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს დაიდოს სრულყოფილი პროექტი და დაფინანსებაზე თანხმობა მოგვცეს აზიის განვითარების ბანკმა, ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს.

- გასულ წელს ფონდმა დაიწყო ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოები, ეს პროექტი ორ ეტაპად არის გაყოფილი, როდის გამოცხადდება ტენდერი მეორე ეტაპზე?

- ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველის ეტაპი მიმდინარეობს, მეორე ფაზას რაც შეეხება, საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და გადაგზავნილია აზიის განვითარების ბანკში, რომ ტენდერის გამოცხადებაზე ნებართვა მოგვცეს.

- გასულ წელს ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და კონფლიქტის ზონაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო, წელსაც თუ გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და რა გაკეთდება კონკრეტულად?

- 2013 წელს ჩვენ გვქონდა ევროკავშირის, ამერიკის განვითარების სააგენტოს USAID-ის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის KFW-ს გრანტები. ამ გრანტების მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო.

USAID-ის გრანტით განსაზღვრული იყო დევნილებით კომპაქტურად შესახლებული შენობების ხარისხიანი რეაბილიტაცია. ხოლო ევროკავშირისა და KFW-ს პროგრამით დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდებოდა. ახალი კორპუსები ამჟამად შენდება ფოთსა და ზუგდიდში, ჯამში 15 ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

გარდა ამ გრანტებისა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გამოყოფილი ფინანსებით მოხდა კონფლიქტის პირას დასახლებული ადამიანებისთვის წყლის ჭაბურღილების გაკეთება. მოგეხსენებათ, საზღვრის გადმოწევის გამო, მოსახლეობას შეექმნა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, ჯამში 9 ჭაბურღილი გაკეთდება და 9 სოფელს მოუგვარდება წყლის მიწოდების პრობლემა. ასევე მიმდინარეობს სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია პროექტის საერთო ღირებულება 13 მლნ 265 ათასი ლარია. სალთვისისა და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებულ ტერიტორიებს მიუყვება, ტირიფონის მაგისტრალური არხი ოკუპირებულ ტერიტორიებს სამჯერ კვეთს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 30 –ზე მეტი სოფელის მიწა მოირწყვება.

გასულ წელს ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ხარჯვით ნაწილი. იყო პრობლემა პროექტების შემსრულებელ კომპანიებთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რუსთავი-თბილისის მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სხვა პროექტებტან დაკავშირებით თუ იყო მსგავსი პრობლემები?

- ჩვენ ფონდში შემოსვლისთანავე დავიწყეთ მიმდინარე პროექტების რევიზია. რევიზიის შედეგად გამოვლინდა, რომ პროექტების დაახლოებით 15% ხორციელდებოდა სამშენებლო ნებართვის გარეშე, დაახლოებით 10% სხვადასხვა კულტურულ მემკვიდრეობებთან იყო შეუთავსებელი და პროექტი მიმდინარეობდა კანონმდებლობის დარღვევით, არ არსებობს არც სამშენებლო ნებართვა და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან იყო შეთანხმებული, პროექტების დაახლოებით 30% კი არ იყო სრულყოფილი და მხოლოდ გარკვეული მონახაზები არსებობდა. ხშირ შემთხვევაში, პროექტში გათვალისწინებული და რეალური ზომები ერთმანეთს არ ემთხვევოდა.

ამის კარგი მაგალითი იყო თელავის რეაბილიტაციის პროექტი, სადაც მთლიანად დარღვეული იყო პროექტი. ხდებოდა საკუთრების უფლების უგულველყოფა, დღეს ადამიანების გარკვეულ კატეგორიას აქვს პრეტენზია, რომ სახელმწიფო პროექტებმა მათი კერძო საკუთრება შეიწირა და სამართლიანად ითხოვენ კომპენსაციას. კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი იყო ზუგდიდში, სადაც KFW-ს პროგრამით უნდა აშენდეს დევნილებისთვის საცხოვრებელი კომპლექსი. დონორთან შეთანხმებით, გამოვაცხადეთ ტენდერი. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ ამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა. ამ კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ წინა ხელისუფლების დროს მიიღეს დავალება, რომ ჯერ კიდევ გამოუცხადებელი ტენდერის პირობებში დაეწყოთ სამუშაოები, იმ პირობით, რომ მომავალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მას აუცილებლად გაუფორმებდა ქვეკონტრაქტს და გაწეულ სამუშაოს აუნაზღაურებდა. ამ კომპანიას, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარის სამუშაოები უკვე შესრულებული ჰქონდა და შესაბამისად ჩვენ გვთხოვდა ამ თანხის ანაზღაურებას. მსგავსი მეთოდი გამოიყენებოდა იმისთვის, რომ პროექტები დაჩქარებულიყო და ,,საქმე წინ წაეგდოთ”, რადგან დონორებთან პროექტის მომზადებას და დამტკიცებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

ჩვენ ამ გზით ვერ წავიდოდით, შესაბამისად, ამ პროექტების კანონმდებლობის ფორმაში ჩასმას დრო დასჭირდა. დღეის მდგომარეობით, ყველა ობიექტზე გვაქვს სამშენებლო ნებართვა, კერძო საკუთრების პრობლემა მთლიანად მოხსნილია, მხოლოდ ერთი პრობლემური ობიექტია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები რომ ეს საკითხიც მოგვარდეს. პროექტების კანონის ჩარჩოში ჩასმის პარალელურად, ის საქმეები, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, შესაბამის ორგანოებს გადაეგზვნა გამოსაძიებლად.

გაზეთი ,,ბანკები და ფინანები”

bfm.ge/index.php