ინტერვიუ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან
ინტერვიუ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან. კომერსანტის შეკითხვებს ელგუჯა ხოკრიშვილმა უპასუხა. ფონდის დირექტორმა გამოცემასთან მიმდინარე პროექტები შეაფასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ინტერვიუ საქართველოს მუნიციპალურიგანვითარების ფონდის აღმასრულებელდირექტორ ელგუჯა ხოკრიშვილთან
– ოპოზიცია მუდმივად საუბრობს ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებაზე. რეალურად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რა ტენდერები გამოცხადდა?
– ახალმა მენეჯმენტმა ფონდში მუშაობა 20 დეკემბერს დაიწყო, ამ პერიოდიდან დღემდე არაერთი ტენდერი გამოცხადდა, მათ შორის მოცულობით ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისი–რუსთავის ჩქაროსნული გზის პირველ და მესამე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერია. ასევე, ღირებულებიდან გამომდინარე მასშტაბური ტენდერი გამოვაცხადეთ ანაკლიის ნაპირდაცვაზე, ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდშიც, დევნილთათვის 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე. ხოლო USAID–ის დაფინანსებით დევნილებისთვის დაგეგმილია სანიაღვრე სისტემებისა და კანალიზაციის მოწესრიგება, რაზეც უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი და პროექტის განხორციელება ძირითადად იმ ადგილებში დაიწყება, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები, მათ შორის გორში, კასპსა და ხაშურში
– ამ პროექტების განხორციელებისას, რომელ დონორებთან თანამშრომლობთ?
– ესენია აზიის განვითარების ბანკი და გერმანიის განვითარების ბანკი.
– ბოლო პერიოდში რაიმე ცვლილება ხომ არ არის დონორებთან თანამშრომლობის კუთხით?
– ყველაზე დიდი დონორი მსოფლიო ბანკია, სწორედ მისი მეშვეობით ვახორციელებთ ყველაზე მეტ პროექტს. შემდეგ მოდის აზიის განვითარების ბანკი, არის აგრეთვე ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის განვითარების ბანკი და USAID. ესენი არიან ჩვენი ძირითადი დონორები, რომელთა დახმარებითაც ხდება პროექტების განხორციელება.
– გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რამდენითაა გაზრდილი ტენდერების რაოდენობა და რომელმა კომპანიებმა მიიღეს მასში მონაწილეობა?
– რიცხვის დასახელება რთულია, თუმცა ტენდერების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილია და გეტყვით რატომაც. თავად ტენდერების გამოცხადება ხდება შესყიდვების გეგმის მიხედვით. ანუ ყველა დონორთან მტკიცდება პროგრამა და ფინანსთა სამინისტრო აწერს ხელს საინვესტიციო ხელშეკრულებაზე, ამის შემდეგ განისაზღვრება, მომდევნო 2 –3 წლის განმავლობაში რა პროექტები უნდა განხორციელდეს და სწორედ ამის შესაბამისად დგება შესყიდვების გეგმაც.
ჩვენ სწორედ ამ შესყიდვების გეგმის მიხედვით ვაცხადებთ ტენდერებს და ჩვენი საქმიანობის ძირითად კრიტერიუმსაც სწორედ ეს გეგმა განსაზღვრავს. მაგალითად ჩამოვრჩებით თუ პირიქით, ვუსწრებთ აღნიშნულ გეგმას.
რაც შეეხება 2012 წლისა და მიმდინარე წლის მაჩვენებელს, ისინი რომ ერთმანეთს შევადაროთ, ეს არაფრის მაჩვენებელი არ იქნება. თუმცა მაინც გეტყვით: თბილისი–რუსთავის პირველ და მესამე სექციაზე ტენდერი ღირებულებით თითქმის 60%–ია 2012 წელს გამოცხადებული ტენდერების ჯამის. ანუ რაოდენობრივი მაჩვენებელი არ არის კრიტერიუმი. ასე რომ, ანაკლიის ნაპირდაცვა და რუსთავის პირველი და მესამე გზის მონაკვეთის ტენდერები თავისი ღირებულებით ფაქტიურად ფარავს 2012 წელს გამოცხადებულ ყველა ტენდერს
– დაახლოებით რა ღირებულებაზეა საუბარი?
– საპროექტო ღირებულება არის კონფიდენციალური. ამიტომ ჩვენთან მიდის სატენდერო პროცედურები თამაშის წესების მიხედვით. როგორც წესი, დაბალი ფასი იგებს და შეიძლება თავისი საპროექტო წინადადება რომელიმე კომპანიამ ტენდერს მოარგოს, ამიტომაა, რომ საპროექტო ღირებულება კონფიდენციალურია.
რომ ავიღოთ 2012 წლის და მიმდინარე ტენდერები, მათში კომპანიების აქტიურობის შედეგები მართლაც საოცარია: სამი თვის განმავლობაში რა ტენდერებიც გამოვაცხადეთ, მათში გასულ წელთან შედარებით მონაწილე კომპანიების რაოდენობა გაორმაგებულია.
რუსთავი–თბილისის ტენდერი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო გამოცხადებული, თუმცა ნიუ–ენერჯიმ ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია და ამიტომ ტენდერი თავიდან გამოვაცხადეთ. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ როდესაც დოკუმენტაციას გადავხედეთ, ტენდერში არ იყო ჩადებული გამარჯვებული კომპანიის მიერ ადგილობრივების დასაქმების პირობა. ამის გამო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა დონორთან, რადგან ეს მათი მხრიდან აღიქმება, როგორც კონკურენციის შეზღუდვა.
აღნიშნული ტენდერის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირაა დარჩენილი და უკვე ფიქსირდება 25 კომპანია, მაშინ როდესაც იგივე ტენდერში გასულ წელს მონაწილეობას მხოლოდ 4 კომპანია იღებდა. მე დავინტერესდი და გადავხედე ამ კომპანიებს, ესენი არიან სერიოზული საერთაშორისო სამშენებლო კომპანიები, რომლებიც დღემდე თავს იკავებდნენ საქართველოს ბაზარზე შემოსვლისგან ან უბრალოდ არ შემოდიოდნენ.
თბილისი–რუსთავის მონაკვეთის ღირებულება რომ ავიღოთ, დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული ქართული კომპანიებიდან, მხოლოდ თავისი რესურსებით რომ შეასრულოს ეს პროექტი, ასეთი შეიძლება ერთიც არ იყოს. სავარაუდო ღირებულება არის დაახლოებით 70–90 მილიონ ლარამდე. ამხელა ფინანსური რესურსის მქონე კომპანიები დღეს ბაზარზე ერთი ან ორი შეიძლება იყოს.
– თქვენ ახსენეთ უცხოური სამშენებლო კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე შეიძლება შემოვიდნენ. შეგიძლიათ ეს კომპანიები დაგვისახელოთ?
– ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტენდერი 1 ივლისს იხსნება და ფიქსირდება თუ ვინ რა ფასი წარმოადგინა. პირველ ეტაპზე გამარჯვებულად ვლინდება ის კომპანია, რომელმაც დაბალი ფასი შემოგვთავაზა, ხოლო ამის შემდეგ ხდება სხვა კრიტერიუმების განხილვა. ასე რომ, ჩვენ 1 ივლისს შევძლებთ ამ კომპანიების დასახელებას.
– რომელიმე ტენდერი თუ ჩატარდა, რომელშიც უცხოური კომპანიაა გამარჯვებული?
– თბილისი–რუსთავის პირველი და მესამე მონაკვეთის პროექტი გაკეთებულია კორეული კომპანიის მიერ, რომელსაც სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ ზედამხედველობის ფუნქციაც დაეკისრება. კორეული კომპანია ამ ეტაპზე მეორე მონაკვეთის დაპროექტებაზეც მუშაობს.
გამოცხადებულია ბათუმის ნაპირდაცვაზე საპროექტო ტენდერი, რომელიც ასევე თვის ბოლოს გაიხსნება. აქაც, ჩემი ინფორმაციით, როგორც ქართული ისე უცხოური კომპანიები იღებენ მონაწილეობას. უცხოური კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტების ღირებულება, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, გაცილებით დაბალია. თუმცა როგორც ასეთი, მხოლოდ უცხოური კომპანია არ არის წარმოდგენილი და ქართულ პარტნიორთან თანამშრომლობის საფუძველზეა შემოსული.
– ჩვენი ინფორმაციით, ტენდერებში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიას შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების პრობლემა აქვს. არის თუ არა მსგავსი პრობლემები რეალურად?
– დიახ, ასეთი პრობლემები ნამდვილად გვაქვს, თუმცა უნდა დავაზუსტოთ, რა იგულისხმება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაში. წესების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს ჩემგან მიცემული პროექტი და ამის მიხედვით ასრულებს სამუშაოს. ასევე ფონდს აქვს ისეთი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს დაქირავებული ზედამხედველობის კომპანიის მიერ ან შიდა რესურსით განხორციელებულ კონტროლს, როგორც ხარისხზე, ასევე სამუშაოების შესრულებაზე.
გარდა ამისა, პროცედურა გულისხმობს, რომ თუ საპროექტო ცვლილება გადაწყდება, ეს აუცილებლად დონორთან უნდა იყო შეთანხმებული. თუმცა ძველი მოცემულობა იყო ასეთი: რადგან წინა ხელისუფლებას ყველაფერი ეჩქარებოდა, ხდებოდა ზეპირი მითითება და კონტრაქტორი სწორედ ამ ზეპირი მითითების საფუძველზე ასრულებდა სამუშაოს. დღეს კი ჩემთან ეს კონტრაქტორი კომპანიები მოდიან და მთხოვენ თანხის გადახდას, თუმცა არაფერი საბუთი არ არსებობს.
ჩვენ უბრალოდ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს “პოსტ ფაქტუმ” რაღაც გადავუხადოთ კომპანიას მაშინ, როდესაც არაფერი საბუთი არ არსებობს საამისოდ. კლასიკურ ენაზე ეს არის მისადაგება და შესაბამისად ისჯება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლით.
როდესაც ჩვენთან კომპანიები მოდიან, მათ აქვთ ობიექტური მიზეზები: გარკვეული საჯარო მოხელეების მხრიდან მართლა იყო ზეწოლა, რათა კომპანიებს ესა თუ ის პროექტი შეესრულებინათ, მაგრამ ფონდს არ აქვს იმის რესურსი, რომ დაამტკიცოს მართლა იყო თუ არა ასე.
შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მათ მიმართონ სასამართლოს, ხოლო როდესაც სასამართლო გამოიკვლევს და გადაწყვეტს, რომ კომპანიას მართლა ზეწოლის ქვეშ შეასრულებინეს სამუშაო, ასეთ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს, და შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ავანაზღაურებთ.
– რამდენად ბევრია ასეთი კომპანიები?
– ნამდვილად ბევრია. ძირითადად ეს არის წინასაარჩევნოდ რეგიონებში განხორციელებული პროექტები, რომლებიც სწრაფად უნდა დამთავრებულიყო. მათ დროის მოგება სურდათ და პროცედურებს აღარ ელოდებოდნენ, კომპანიები უპროექტოდ იწყებდნენ სამუშაოს და შემდეგ პროექტი გზაში ეწეოდათ. თუმცა ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს.
– რომელიმე მასშტაბური პროექტი თუ განხორციელდა დაჩქარებული წესით?
– ზუგდიდში გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოვაცხადეთ ტენდერი 8 კორპუსის მშენებლობაზე. როდესაც ტენდერი გამოვაცხადეთ, ჩვენთან მოვიდა კომპანია და გვითხრა, რომ იმ ადგილას, სადაც ტენდერია გამოცხადებული, მას სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს, თუმცა მას ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა.
ისიც ისეთივე მსხვერპლი აღმოჩნდა როგორც სხვა კომპანიები. მესმის ყველა ასეთი ადამიანის მდგომარეობა, მაგრამ მე სამართლებრივი საფუძველი არ მაქვს რომ ეს თანხები ავანაზღაურო. თან ამ თანხებს გერმანული ბანკი გასცემს, რომელსაც თავისი ზედამხედველობის სამსახური ჰყავს დაქირავებული. ისე გამოვიდა, რომ ეს სამუშაოები იქ უნებართვოთ არის შესრულებული.
ბევრი კომპანია იმასაც გვეუბნება, რომ ხარჯთაღრიცხვას მოგვიტანს, თან ფაქტიც მოწმობს იმას, რომ პროექტი შესრულებულია, მაგრამ ამის არანაირი საბუთი არ არსებობს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის რისკზე წასვლა, ამის ანაზღაურება ვერ მოხდებოდა,რადგან ეს პროექტი უნდა შეთანხმებულიყო ჯერ მიმღებთან, შემდეგ ბენეფიციართან, ფონდთან, დონორთან და ა.შ ეს პროცედურები კი მათ არ აქვთ გავლილი.
– რა სიახლეებს გეგმავს ფონდის ახალი ხელმძღვანელობა?
– პირველი, აუცილებელია დასახელებული პრობლემების თავიდან აცილება. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სანამ ტენდერი გამოცხადდება, პროექტი უნდა გამართონ. მეორე – უნდა გაკეთდეს ხარისხზე ორიენტირი. მაგალითად, თუ კომპანიამ დაასრულა სამუშაოები, მაგრამ ხარისხი არაა დამაკმაყოფილებელი, ჩვენ მის ანაზღაურებას ვერ შევძლებთ. ასევე ვერ ავანაზღაურებთ იმ კომპანიების სამუშაოებს, რომლებსაც შესრულებული სამუშაოს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ და, როგორც ვთქვი, “პოსტ–პაქტუმ” ითხოვენ თანხის მიღებას.
სანამ ტენდერი გამოცხადდება, კომპანიებთან გვაქვს კომუნიკაცია და ფონდის მხრიდან მათ ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდებათ.
დონორებთან ურთიერთობას რაც შეეხება, მსოფლიო ბანკთან უკვე ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს მოლაპარაკება და ფაქტიურად ზეპირი შეთანხმებაც მიღწეულია. ჩვენ გავქვს რეგიონალური განვითარების პროექტი, რომელიც გულისხმობს ერთ რეგიონში გარკვეული პროექტების განხორციელებას. ასე რომ, ჩვენ ერთ რეგიონს ავიღებთ და იქ დავიწყებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
ასევე გვაქვს მეორე პროექტიც – რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონში პროექტები სავარაუდოდ 2014 წლიდან განხორციელდება.
ასევე გრანტის კომპონენტიც წამოვწიეთ და გვსურს, დონორებმა გრანტი გაზარდონ.
შვედეთის განვითარების სააგენტოსთან მოხდა შეთანხმება 10 მილიონიან გრანტზე და მას, ვფიქრობ, მალე მოეწერება ხელი. ასევე აზიის განვითარების ბანკთან ჩავსვით გრანტის კომპონენტი და მას სექტემბერში გავაფორმებთ. მთლიანად გრანტის კომპონენტი წავა მუნიციპალიტეტებში და მოხდება როგორც ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა ასევე ეს თანხები მოხმარდება დეცენტრალიზაციის დაგეგმილ რეფორმას.
გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკთან საუბარია დამატებით ტრანშზე. ოქტომბერში ჩვენ ველოდებით აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს, რომლებსაც ურბანული განვითარების პროექტს შევთავაზებთ.
– თქვენ თქვით, რომ მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს ერთ–ერთ რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება, თუ გაქვთ უკვე ეს რეგიონი შერჩეული?
– რეგიონს მთავრობა შეარჩევს. ეს იქნება რეგიონი, რომელსაც გააჩნია რეგიონალური განვითარების სტრატეგია, თუმცა ამ ეტაპზე ის შერჩეული არ არის.