მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი: ჩვენი ძალისხმევით წინა წლებში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების პრობლემა მოგვარდა

16 ოქტომბერი 2013

 „საბანკო სექტორმა მეტი აქცენტირება რომ მოახდინოს ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც დააფინანსებს სამშენებლო სექტორს, ეს სამშენებლო აქტივობას გაზრდიდა.“

ინტერვიუ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ელგუჯა ხოკრიშვილთან

- ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობასთან დაკავშირებით ხშირად ისმის კითხვები. ამ დროისთვის რა ტენდერებია გამოცხადებული და რომელი კომპანიები იღებენ მათში მონაწილეობას? 

- რაც შეეხება საერთაშორისო ტენდერებს, უკვე გამოცხადებულია წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, თუმცა ეს ახალი ტენდერი არ არის, მანამდე ჩვენ ძველი კონტრაქტორი გვყავდა, რომელმაც ვერ შეასრულა ვალდებულება და კონტრაქტის გაწყვეტა მოგვიწია, რის გამოც ტენდერი თავიდან გამოცხადდა, სადღაც 20% სამუშაოების შესრულებული იყო და დანარჩენ 80%-ზე თავიდან გამოცხადდა ტენდერი. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით.

-რაც შეეხება სხვა ტენდერებს, ფაქტიურად ისინი გამოცხადებულია, ვადები დამთავრებულია და ახლა მათი შეფასება მიმდინარეობს. ყველაზე დიდი ტენდერი კი ესაა თბილისის-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ეს ტენდერი ცოტა არ იყოს დროში გაიწელა, რადგან აზიის განვითარების ბანკთან იყო გარკვეული მიმოწერა, მათ რამდენიმე კითხვა ჰქონდათ შერჩეულ კომპანიასთან და ახლა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით პასუხს, რომ შევძლოთ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება.

რაც შეეხება სხვა ტენდერებს, ეტაპობრივად მოხდება გამოცხადება, ამ დროისთვის ველოდებით მეტროს პროექტს.

- როდის იგეგმება მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება?

-  აქ გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით. ეს პროექტი ჯერ კიდევ წინა წელს იყო ჩაბარებული მუნიციპალურ განვითარების ფონდში. ჩვენ დავიქირავეთ საერთაშორისო ექსპერტები, რომელსაც ამ პროექტის რევიზია დავუკვეთეთ, ჩვენდა სამწუხაროთ ძალიან ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა. ეს ძალიან დიდი პროექტია.

საპროექტო ორგანიზაციას პროექტი ფაქტიურად გამზადებული ჰქონდა, თუმცა იგი სრულყოფილი არ იყო და დეტალური სპეციფიკაცია აკლდა. ჩვენ ბოლო 8 თვის განმავლობაში, რა ძირითად პრობლემებსაც წავაწყდით, სწორედ ამას უკავშირდება. კონტრაქტორი გვედავება, რომ მასში დეტალები არ არის განსაზღვრული, ხოლო მშენებლობის პროცესში მსგავსი დეტალების გარკვევა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ეს რაც შეეხება მცირე პროექტებს.

თუმცა როდესაც მეტროსადგურის პროექტზეა საუბარი, პროექტი ნამდვილად სრულყოფილი უნდა იყოს, რადგან ეს იქნება საერთაშორისო ტენდერი, შემოვლენ საერთაშორისო კომპანიები და შესაბამისად ხელშეკრულებაც საერთაშორისო წესებით იქნება გაფორმებული.

ჩვენ ამ კომპანიას მივუთითეთ, რომ ეს ხარვეზები გამოესწორებინა, სამწუხაროთ ეს კომპანია „ჯანმრთელ რეჟიმში“ ჩვენთან თანამშრომლობაზე არ წამოვიდა,  კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ კი გარკვეულწილად ხარვეზები უკვე გასწორებულია, პროექტი გადაგზავნილია აზიის განვითარების ბანკში, მაგრამ რაღაც ნაწილში მაინც გვაქვს შენიშვნები.

- რა შენიშვნებზეა საუბარი? 

- მაგალითად კომპანია ამბობს, რომ მშენებლობის პროცესში დააზუსტებს დეტალებს. საერთაშორისო პრაქტიკაში ეს მიღებულია: თუ რაღაც პატარა დეტალი გაკლია, შეგიძლია პროექტი დაიწყო და მშენებლობის პროცესში დააზუსტო, მაგრამ როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ჩვენ ამით წამგებიან პოზიციაში ვხვდებით. ეს ან კონტრაქტორზე გადადის, ან პროექტის გაძვირებას იწვევს.

ყველა პროექტი 10-15 %-ით ითვალისწინებს, რომ თუ მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა გაუთვალისწინებელი ობიექტური გარემოებები და ეს დასტურდება საზედამხედველო კომპანიის მიერ, შეგვიძლია ეს ცვლილება გავატაროთ. ამიტომ ეს რომ თავიდან ავირიდოთ, გვიდა, რომ პროექტში ყველა დეტალი გათვლილი იყოს და როგორც დამკვეთს, ყველა ბერკეტი მქონდეს, რომ კონტრაქტორს მოვთხოვო სრულყოფილად გააკეთოს თავისი საქმე.

- გასაგებია, რომ მეტროსადგურ უნივერსიტეტის პროექტს გარკვეული ხარვეზები აქვს, მაგრამ რა ვადებში შეიძლება ამან ტენდერის გამოცხადება გაწელოს? 

- ხარვეზები, დროში დიდად გაჭიანურებას არ გამოიწვევს, პარალელურ პროცესში ჩვენ უკვე ველოდებით დონორისგან თანხმობას, ტენდერის გამოსაცხადებლად.

- ადრე თქვენ საუბრობდით, რომ ტენდერში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიას შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების პრობლემა ჰქონდა, ვინაიდან წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ზეპირი მითითება და კონტრაქტორი სწორედ ამ მითითების საფუძველზე ასრულებდა სამუშაოს. დღეს თუ მოგვარდა აღნიშნული პრობლემა?

- დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია. 6 თვის წინ სწორედ ამ პრობლემების გამო ჩვენი თხოვნით და მთავრობის განკარგულებით, შეიქმნა კომისია, რომელიც პრობლემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავდა. კომისიაზე ჩაიწერა, რომ, საკითხის დასაყენებლად და განსახილველად კომპანია აუცილებლად დავაში უნდა ყოფილიყო საჯარო მოხელესთან. ძირითადი პრობლემაც ის იყო, რომ საჯარო მოხელეების ზეპირი მითითებით კომპანიებს, რაღაც სამუშაოები შესრულებული ჰქონდათ და ეს არაფრით მტკიცდებოდა. ბევრმა კომპანიამ, რომელთა საკითხებიც  კომისიაზე გავიდა, სარჩელი უკვე შეიტანა შესაბამის ორგანოებში. ახლა კი სწორედ შესაბამისი ორგანოების დასადგენია, თუ ვინ გადააჭარბა უფლებამოსილებას. კომისიამაც იმსჯელა ამ საკითხებზე – იქ 4 თუ 5 კომპანია გვყავდა. ამ კომისიის საშუალებით გაჩერებული პროექტები გავაგრძელეთ, ამ შემთხვევაში იყო პრობლემები ვადებთან დაკავშირებით და ჯარიმების დროებით შეჩერებაზე.

- რა პროექტებზეა საუბარი?

- საუბარია წინასაარჩვნოდ გამოცხადებულ ტენდერებზე, რომლებსაც გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული. თქვენ იცით, რომ ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი – ამ დროს იყო გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტები, ზამთარში კი გზის რეაბილიტაცია ფაქტიურად შეუძლებელია. ვადები იყო შემჭიდროებულად აღებული და ამ კომპანიებმა ზეწოლის შედეგად, როგორც თვითონ აცხადებენ, მიიღეს ტენდერში მონაწილეობა და წავიდნენ იმაზე, რომ არარეალურ ვადებში შეესრულებინათ სამუშაო. ასეთ შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციით მოხდა ვადის გაგრძელება და საჯარო სანქციების დროებით შეჩერება იმ მომენტამდე, ვიდრე სასამართლო დაადგენს ბრალეულობას, ნამდვლად იყო თუ არა ზეწოლა. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო სამსახური, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, მართლა იყო ზეწოლა თუ არ იყო.

- თუ შეიქმნა ისეთი პრეცედენტი, რომ კომპანიამ მიმართა სასამართლოს და მან კომპანიაზე წინა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა დაადასტურა? 

- სასამართლოში კომპანია კონკრეტული საჯარო მოხელის მიმართ ჩივის, თუ სასამართლომ გამოიტანა ისეთი დადგენილება, რომ კომპანია გამართლდა, ის თანხა, რასაც კომპანია დაობს, საჯარო მოხელეს მოეთხოვება. ამიტომ ეს ინფორმაცია ჩვენამდე არ მოდის.

- მიმდინარე წელს თუ გაიზარდა ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და თუ გამოჩნდნენ ახალი კომპანიები? თუ შეგიძლიათ ისინი დაგვისახელოთ?

- ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დიდ საერთაშორიოს ტენდერებში ეს ტენდენცია შეიმჩნევა. თუმცა ეს ძირითადად ის საერთაშორისო კომპანიები არიან, რომლებიც ქართულ ბაზარზე აქამდე არ ფიქსირდებოდნენ. რაც შეეხება ადგილობრივ კომპანიებს, აქ 2 და 3 თვეში ახალი კომპანიის გამოჩენა შეუძლებელია, რადგან საერთაშორისო ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნაა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიას ბრუნვა უნდა გააჩნდეს, მას ასევე 3 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ასე რომ, ახალი კომპანია მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს. თუმცა ჩვენ გამოვაცხადეთ ელექტრონული ტენდერი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, აქ კი რამდენიმე ახალი კომპანია იკვეთება. ასევე თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 45 -მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და 20 -მდე კომპანია, სატენდერო წინანადადება წარმოადგინა. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ კომპანიებში, რომელთაც ადრე ბევრი პროექტი ჰქონდათ, ფინანსური პრობლემებია. საბანკო სექტორიც მეტ გარანტიებს ითხოვს.

სამშენებლო სექტორი არის ძალიან რისკიანი და აქედან გამომდინარე ამ სექტორის ბანკების მხრიდან დაკრედიტება გარკვეულ სკეპტიციზმთან არის დაკავშირებული, მით უფრო რომ ეს პერიოდი წინასაარჩევნოა და თავშეკავებაც იგრძნობა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, საბანკო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. არის კომპანიები, რომლებთანაც კარგად ვთანამშორმლობთ და შეგვიძლია გადავცეთ ის ინფორმაცია, რომ ეს კომპანიები ხარისხთან მიმართებაში კარგად არიან ჩამოყალიბებულნი, აქვთ კონტრაქტები, საიდანაც გააჩნიათ ბრუნვა.

ეს კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მათ საბანკო სექტორთან გავუწიოთ რეკომენდაცია და ამ კუთხით ირიბად მაინც მივეხმაროთ.

- საპრეზიდენტო არჩევნების გამო სამშენებლო ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში გადავიდა? 

- თვითონ სამშენებლო კომპანიები არა. მე ვამბობ ზოგადად საბანკო სექტორთან მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ კომპანიებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში რასაც ვხედავთ, ის არის, რომ იმ საბანკო პროდუქტების ნაკლებობაა, რასაც კომპანიები მოიხმარენ ანუ დაფინანსების წყაროები. საბანკო სექტორმა უფრო მეტი აქცენტირება რომ მოახდინოს ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც დააფინანსებს სამშენებლო სექტორს, ეს სამშენებლო აქტივობას გაზრდიდა.

commersant.ge/