თელავის ხევისა და უსახელო ხევის რეაბილიტაცია სრული დატვირთვით მიმდინარეობს

26 იანვარი 2017

თელავის ხევისა და უსახელო ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს.  სამუშაოების პროცესის გასაცნობად, თელავში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე,  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - გალაქტიონ ბუაძე, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - დავით ტაბიძე.

 

თელავის 1.5-კმ-იანი ხევი გასუფთავებას და კედლების და ძირის გამაგრებას საჭიროებს.  უსახელო ხევის ამჟამინდელი მდგომარეობა კი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და მიმდებარე შენობებს.  უსახელო ხევი გადავსებულია ნაგვითა და გრუნტით, რაც საცხოვრებელ სახლებში წყლის შევარდნის საშიშროებას ქმნის.  ორივე ხევში გაიზრდება გამტარუნარიანობა, შედეგად,  ქალაქ თელავსა და სოფელ კურდღელაურში სახლები აღარ დაიტბორება. 

 

ორივე ხევის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მათი საერთო ღირებულება  3 მლნ. ლარს აჭარბებს. სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება.