ბათუმის ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის მოწყობა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ. პროექტის მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვა და აღდგენა - გაფართოება. განსაკუთრებით, აეროპორტის მხარეს და ბათუმის სამხრეთით მდებარე სოფელ ადლიას მონაკვეთზე.
ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშის სპეციალური ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა 12 საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია STRUIJK (სტრუიჯიკი) განახორციელებს. ადგილზე დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება.