მგფ-მა თავისი საქმიანობა 14 ქვეყნის 150 კომპანიას გააცნო
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა- თეიმურაზ მურღულიამ და გიორგი სომხიშვილმა დღეს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 150-მდე კომპანიის წარმომადგენელს ფონდის საქმიანობა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
მშენებლობისა და ინტერიერის რიგით მეთვრამეტე საერთაშორისო გამოფენა -– Caucasus Build 2013-ში მონაწილეობას 14 ქვეყნის 150 კომპანია იღებს: საქართველო, ჩეხეთი, პოლონეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი, ბელორუსია, აზერბაიჯანი, უკრაინა, ლატვია, არაბთა გაერთიანებული საემირო, სომხეთი, იტალია და გერმანია.
მუნიციალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა გამოფენაში მონაწილე კომპანიების გარდა ფონდის შესახებ ინფორამცია დამთვალიერებლებსაც მიაწოდეს და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.
„საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველა დაინტერესებულ კომპანიას მოუწოდებს ჩაერთოს დაგეგმილ პროექტებსა და ტენდერებში. საქართველოს მთავრობას არ ჰყავს ფავორიტი კომპანიები და ღიაა თანამშრომლობისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი ელის ახალ წინადადებებს და სათანამაშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს,“- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ წლევანდელი სამშენებლო გამოფენა 18 წლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
გამოფენაზე წარმოდგენილი ძირითადი მიმართულებები:
• მშენებლობა, სამშენებლო მასალები
• მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა
• არქიტექტურა და პროექტირება
• ელექტრონული და მექანიკური სისტემები
• დეკორი და ინტერიერი
• კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები
• მებაღეობა და ლანდშაფტის დიზაინი
„გამოფენის მიზანია მისცეს საშუალება ახალ კომპანიებს შეისწავლონ ადგილობრივი ბაზარი, არსებულმა კომპანიებმა გაიმყარონ იმიჯი, დაამყარონ ურთიერობა მომხმარებლებთან. თავის მხრივ მომხმარებელს კი საშუალება აქვს გაეცნოს ერთ სივრცეში თავმოყრილ კომპანიებს, ბაზარზე არსებულ სიახლეებს. გამოფენა უნიკალური საშუალებაა რემონტისა და მშენებლობისათვის ყველა საჭირო ატრიბუტიკა იხილოთ ერთად თავშეყრილი“,- აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.