თბილისში ახალი მეტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

21 ივნისი 2017

თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობდა  და ამჟამად 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული გვირაბების  სრული რეაბილიტაცია პრაქტიკულად დასრულებულია. მიმდინარეობს სანდრო ეულის ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამოსასვლელების მოპირკეთება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პარალელურად,  დამონტაჟებული სისტემების გამართვასა და ტესტირებაზე მუშაობს.

დაკონსერვებული გვირაბების სრული რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური აშენდა. სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ესპანური კომპანია „COBRA ASSIGNIA“ (კობრა ასიგნია) აწარმოებს.  მეტროსადგურის  დიზაინი ასევე ეკუთვნის ესპანურ კომპანიას. 

 

მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც  ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს  მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება,  დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას  შეუწყობს ხელს. 

 

პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ. დასრულდა სადგურის მიწისქვეშა და დასასრულს უახლოვდება მიწისზედა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები -კეთდება მეტროდან 4 ამოსასვლელი. მომზადდა სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, დამონტაჟებულია ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები,  სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.

მშენებლობაზე 250 ადამიანია დასაქმებული. მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოებს მიმდინარე წლის ივლისში დაასრულებს და ობიექტს სატრანსპორტო კომპანიას გადასცემს.