გორის მოსახლეობას მალე ათი ახალი მინი მოედანი ექნება
რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ გორში ათი მინი მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ადგილზე დაათვალიერა.
ქ. გორში 9 დასახლებაში მინი მოედნები დაზიანებული და უფუნქციო იყო. ვერხვების დევნილთა დასახლებაში კი მოედანი არ არსებობდა. სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის შედეგად, მოზარდები ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე მინი მოედნებით ისარგებლებენ. გაიმართება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამჟამად, სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული.
პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 1,342,573.27 ლარია. მოეწყობა:ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. იქნება ტრიბუნები, გაკეთდება გარე განათება. გათვალისწინებულია სკვერების კეთილმოწყობა დასასვენებელი სკამებით. მინი მოედნების რეაბილიტაცია 2017 წლის მაისში დაიწყო და დასრულება 2017 წლის ნოემბერში იგეგმება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, საქართველოს მასშტაბით, 35 სპორტული მოედნისა და 11 სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ბიუჯეტო 18 მილიონ ლარამდეა. განახლებული სპორტული ობიექტებით 100 000-მდე მოზარდი ისარგებლებს.