ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შევიდა
ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შევიდა. ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა.
ახალი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ფეკალური მასები ზღვაში აღარ მოხვდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას სანაპირო ზოლზე, ასევე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუშლის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას.
პროექტის საერთო ღირებულება 5 800 000 ლარზე მეტია და იგი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა მხარდაჭერით განხორციელდა.
ტექნიკური აღჭურვილობა კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2020 წლამდე ბიოლოგიურად გამწმენდი 27 ნაგებობის მშენებლობას გეგმავს.