უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამავდროულად, მიმდინარეობს მონასტრის სახურავისა და გალავნის ნაწილობრივი სარესტავრაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, უბისის მონასტერთან გაკეთდება: საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და საპირფარეშო. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელსაც გაუუმჯობესდება სოციალური მდგომარეობა. რეგიონში ჩასულ ტურისტებს კი შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნონ იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ ძეგლების მიმდებარედ გამართული ინფრასტრუქტურით.