წყალმომარაგების პროექტი დაბა ლაითურში აქტიურ ფაზაშია
გურიაში, დაბა ლაითურში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გურიის გუბერნატორ მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
პროექტის ღირებულება 4 703 426 ლარია და სამუშაოებზე 23 ადამიანია დასაქმებული.
დაბა ლაითურში წყალმომარაგების სისტემის მოწყობამდე, ძველი ქსელი არ ფუნქციონირებდა და მოსახლეობას შორი მანძილიდან უწევდა წყლის მოტანა და მომარაგება. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება და 3300 ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი 2017 წლის ივლისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.