ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

13 დეკემბერი 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით  ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაგი ბუაძემ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი ოთხ სართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე  ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება. მუზეუმი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

მუზეუმის მშენებლობის პარალელურად ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების (კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის, სამლოცველოს ზედა ტერასის, ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  განახლდა ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. პროექტის ჯამური ღირებულება 14, 5 მლნ ლარია.

 

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა პროფილის 150-ზე მეტი პროექტი დაასრულა.