მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
29 იანვარი 2018
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფეხბურთით დაინტერესებულ მოზარდებს საშუალება ექნებათ, კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და ჩაატარონ საფეხბურთო ტურნირები. საფეხბურთო სკოლაში არის სავარჯოში დარბაზი, მედპუნქტი, სასადილო, სამრეცხაო და 8 ოთახი სტუმრად ჩასული სპორტსმენებისთვის. კეთილმოეწყო საფეხბურთო სკოლის ეზო. სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლა ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე აშენდა. რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
კომპლექსურად ჩატარდა: სადემონტაჟო სამუშაოები, კედლებისა და ტიხრების მშენებლობა, ფანჯრებისა და ვიტრაჟების მონტაჟი, ელექტროობის , ვენტილაციისა და გათბობის სამუშაოები. აშენდა ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა. მოხდა კანალიზაციის და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟება.
ახალ სტადიონზე შესაძლებელი იქნება პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების ჩატარება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.