ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება
21 თებერვალი 2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ათეული წლებია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ფართო საზოგადოება სულმოუთმენლად ელოდება . ,,მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენის თავლსაზრისით, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და შექმნის დამატებით იმპულსს რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად.
ზურაბ ალავიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ინარჩუნებს ბოტანიკურ ბაღში დაცულ იშვიათ მცენარეებს. ,,მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში’’.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება.