მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო
2019 წლის ზაფხულიდან, მცხეთის ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება. ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8, 5 მლნ ლარს აჭარბებს.
მშენებლობის დაწყებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები.
პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.
პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2019 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება.