ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია გრძელდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოს გაეცნო. პროექტის განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, წელს დაიწყო და მისი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 12 მილიონი ლარია.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.
პროექტით გათვალისწინებულია ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ღობის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო, სადრენაჟე სისტემების მოწყობა.
ასევე, ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები.
ამ ეტაპზე, დაწყებულია მებაღის სახლის, დაცვის და სალარო შენობების სამშენებლო სამუშაო. მიმდინარე სამუშაოზე დასაქმებულია 120 ადამიანი, პროექტის დასრულების შემდეგ კი განახლებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე 70-მდე პერსონალი დასაქმდება.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის.
პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაო 2019 წლის ივნისში დასრულდება.