თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა
ქ. თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია (მუზეუმი და ტერიტორია) დასრულებულია. განახლებული ბატონის მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სარა მაიკლი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გაგი ბუაძე, კახეთის გუბერნატორ-რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
ბატონის მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს "ჯავა" აწარმოებდა.
პროექტის მიზანი თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნა და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობაა. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალი მუზეუმის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს.
მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები. ასევე, გაკეთდა დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა ქეთევან იაშვილის სამხატვრო კოლექციის გამოსაფენად, რომელშიც მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ტილოები, XIX- XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების და XIX- XX საუკუნეების ქართული და სხვადასხვა ქვეყნის ფერწერის ნიმუშები. მუზეუმს უმდიდრესი კოლექცია გააჩნია, რომელიც 65 000 ექსპონატს ითვლის.
მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის. დამონტაჟდა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.
პროექტის ღირებულებამ 10,9 მლნ ლარი შეადგინა.
მუზეუმის მშენებლობასთან ერთად მუზეუმი აღიჭურვა საჭირო ინვენტარით (ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა, საექსპოზიციო ვიტრინები, საოფისე ავეჯი). ბატონის მუზეუმი თელავის ისტორიული მუზეუმის მართვაშია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. თელავში ბატონის სასახლის რესტავრაცია 2016 წლის ოქტომბერში დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ერეკლე მეფის სასახლეზე ჩატარდა კომპლექსური სარესტავრაციო სამუშაო.
ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება (მშენებლობა, ინვენტარით აღჭურვა) დაახლოებით 14 მილიონი ლარია.
ბატონის ციხის მთელი კომპლექსი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ახალი მუზეუმი და სამეფო სასახლე, ძეგლის თითოეული კომპონენტი, უზრუნველყოფს ვიზიტორთათვის ინფორმაციის მიწოდების სრულ ხელმისაწვდომობას, უქმნის მათ კულტურულ ფასეულობათა სათანადოდ აღქმისა და ახლებურად გააზრების შესაძლებლობას.
რეაბილიტირებული მუზეუმი გაზრდის ბატონის ციხის კომპლექსის ვიზიტორთა ნაკადს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებას. მომავალი თაობებისათვის ძეგლის შენარჩუნებასთან ერთად, გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ვიზიტორთა მომსახურების მართვაში.