მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბურ პროექტს განახორციელებს
საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს. 2018 წლის 4 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა მაგნუს რიშტედტმა და ინვესტიციების უფროსმა მენეჯერმა ბო ესკე ნიჰუსმა ხელი მოაწერეს სასესხო, საგრანტო და საპროექტო შეთანხმებებს „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ დაფინანსების მიზნით. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
შეთანხმების ფარგლებში, NEFCO საქართველოს გამოუყოფს 2.83 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) ქვეყანა გრანტის სახით მიიღებს 1.87 მილიონ ევროს. ასევე, დანიური გრანტs 0.44 მილიონ ევრომდე. პროექტის მთლიან საინვესტიციო თანხას შეადგენს 5.14 მილიონ ევროს.
პროექტის მიზანია, საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას. აღნიშნულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ესევე, ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას, ენერგო დამოუკიდებლობის გაზრდას.
პროექტის განხორციელება ნავარაუდებია 2018-2020 წლებში. ამ ეტაპზე, ჩატარებული შესწავლის საფუძველზე, მოიაზრება შემდეგი ქალაქები და რეგიონები: თბილისი, რუსთავი, ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია და სამეგრელო.