ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა.
პროექტი მოიცავს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი დაახლოებით 8 კილომეტრი ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის რეაბილიტაციას. ასევე, არსებული წყალგამტარი მილების გაწმენდას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტუმრები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს.