მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს
24 ივლისი 2018
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარს აჭარბებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულეს.
ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები.
პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით.
პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით.