მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება
9 აგვისტო 2018
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოწამეთას მონასტრის ტერიტორია და მიმდებარე სივრცე დაათვალიერა.
პროექტი ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.