როშკა-არხოტის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
31 აგვისტო 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დუშეთის მუნიციპალიტეტში, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 28 კილომეტრიანი გზა მთლიანად გაიჭრა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, საავტომობილო გზების წარმომადგენელთან და საპროექტო ორგანიზაციასთან ერთად, გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ადგილზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის სირთულეები, რომლებიც მშენებლობის პროცესში გამოვლინდა.
სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა. პროექტის ფარგლებში კი, გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.
ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.
გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას.