საჩხერის მუნიციპალიტეტში 6 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
3 სექტემბერი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 6 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.4 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს 11 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას. ასევე, გზის მთელ სიგრძეზე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, გაბიონის საყრდენი კედლები, ლითონისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
არსებული გრუნტის გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფელის (ხვანი, ლიჩი, ღოდორა, ტმანი, ვაკისა და გორიჯვარი), დაახლოებით, 600 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.