მუნიციპალური განვითარების ფონდი დევნილთა სახლების მშენებლობას იწყებს
1 ნოემბერი 2018
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელ ტენდერები წინასწარ წარუდგინა.
ფონდი უახლოეს დღეებში ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.
,,ამ ეტაპზე, დაგეგმილი გვაქვს 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები. ასევე, დაგეგმილია საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების და ავტოსადგომების მოწყობა“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.
ღია კარის დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.