მომავალი წლიდან ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ სრული რეაბილიტაცია იწყება
9 ნოემბერი 2018
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთ ერთად წარადგინა.
პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.
სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, „მზიურის“ ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნას ითვალისწინებს.
„მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. ამასთან, „მზიურის“ ტერიტორიაზე აიგება შენობა, რომელშიც თოჯინების მუზეუმი განთავსდება. კავკასიის მასშტაბით ერთადერთ, უნიკალურ მუზეუმში, რომელიც საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით 1937 წელს დაარსდა, კულტურული მემკვიდრეობის 2 714 ექსპონატია დაცული. მუზეუმის პროექტი საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიასა და საგანმანათლებლო ცენტრს მოიცავს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, „მზიურში“ განთავსდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკე ინფრასტრუქტურა. პროექტის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები.