გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
16 ნოემბერი 2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე ტენდერები წლის ბოლომდე გამოაცხადდება, სხვა რეგიონებში კი - მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გურჯაანში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა იგეგმება. მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი. ასევე, ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს ძაღლებმა 321 ადამიანი დაკბინეს და აქედან 224 ბავშვია.
კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება: ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლირებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.