კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების I ეტაპის სამუშაოები დასრულდა და მეორე იწყება
21 ნოემბერი 2018
გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა სოფლების ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.
პროექტი ითვალისწინებდა გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის მოწყობას. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია, მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს სამშენებლო ტენდერი.
მეორე ეტაპის სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დაიწყება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად, ადგილზე მოინახულა.