მგფ-ი რამდენიმე მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დაიწყებს
ბოლნისში, გორში, ქარელში, ხაშურში, თეთრიწყაროში, გარდაბანში, ახმეტასა და თელავში საგზაო და წყალმომარაგების პროექტები განხორციელდება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პროექტებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში ჭაბურღილისა და წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობა დაიწყება, ხოლო ქალაქ ბოლნისში სანიაღვრე არხი მოეწყობა.
შიდა გზებისა და საავტომობილო ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. სახიდე გადასასვლელი მოეწყობა გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, უსაფრთხოების ღონისძიებების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დაიწყება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის ქუჩის გასწვრივ მდებარე თელავის ხევსაც. გარდა ზემოთ აღნიშნულსა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქვემო და ზემო წყლულეთთან მისასვლელ საავტომობილო გზას. შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით მოსამზადებელ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში დაიწყებს.