ქუთაისში ისტორიული უბნისა და დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაცია იწყება
23 ნოემბერი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. მათ შორისაა ქუთაისის ისტორიული უბნის (რიონის სანაპიროს მონაკვეთის) რეაბილიტაცია და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ,,წითელი ხიდიდან–,,ჯაჭვის ხიდამდე“ არსებული ნაგებობები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილი მასშტაბურ პროექტის დეტალები გააცნეს.
ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ითვალისწინებს რიონის სანაპიროზე განლაგებული, 19 საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციას. პროექტში, ასევე გათვალისწინებულია, „წითელი ხიდიდან“ „ჯაჭვის ხიდამდე“ მდინარე რიონის მხარეს საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომელიც დაუკავშირდება საცხოვრებელი და საზოგადოებრივ ობიექტებს.
ფონდს, ასევე დაგეგმილი აქვს 1976 წელს დაარსებული დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. სახვითი ხელოვნების გალერეას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების 3000-მდე ექსპონატი.