ხაშურში სტადიონის მშენებლობა იწყება
14 დეკემბერი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას იწყებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6.2 მილიონი ლარია.
პროექტის დეტალები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ და ხაშურის მერმა, გიორგი გურასპაშვილი ადგილზე განიხილეს.
სამუშაოს ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები. პროექტი, ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას.
პროექტის განხორციელება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.