2019 წელს სკოლების მშენებლობა იწყება
21 იანვარი 2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.
ფონდი 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებოთ 68 მილიონი ლარია.
„ინტენსიური მუშაობა გვქონდა განათლების სამინისტროსთან და თებერვლის თვეში ეტაპობრივად გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. მათ შორის, მშენებლობა-დიზაინის კუთხითაც იქნება გარკვეული მოცულობის ტენდერები გამოცხადებული. ამჟამად, სატენდეროდ მზად არის 27 პროექტი. ჯამური ინვესტიციის ღირებულება გახლავთ 68 მილიონი ლარი და გეოგრაფიულად მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბს“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.
ღია კარის დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.
გარდა 27 სკოლისა, მუნიციპალურ განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორისაა, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.