მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე გუნდი ხელისუფლებამ მცხეთის მოსახლეობას წარუდგინა
27 მარტი 2019
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა დაინტერესებულ პირებს ამხანაგობა „აქოლისი“ და მასში გაერთიანებული 8 დარგობრივი კომპანია წარუდგინეს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
ამხანაგობა „აქოლისმა“, რომელიც მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს, გაიმარჯვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში.
,,ამხანაგობაში გაერთიანებულია კომპანიები, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება სივრცითი მოწყობის გეგმების შედგენაში. შესაბამისად, მათ აქვთ ცოდნა და უნარი ისეთი სირთულის პროექტს გაართვან თავი, როგორიც მცხეთის გენერალური გეგმაა. სივრცითი მოწყობის ნებისმიერი პროექტის შემუშავებისთის აუცილებელია გავიგოთ მოსახლეობის საჭიროებები და დღეს დავიწყეთ ეს პროცესი, საბოლოო მიზანი კი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შორის. ვფიქრობთ, რომ სწორედ დიალოგის რეჟიმში იქნება შესაძლებელი ამ პროცესის წარმატებით დასრულება“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საკონკურსო მოთხოვნები შემუშავდა ქართველი სპეციალისტებისა და UNESCO-ს წარმომადგენლების მონაწილეობით. მათ მიერ დადგენილმა სტანდარტებმა და ამოცანებმა, პროექტის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სხვადასხვა გამოცდილების, კომპეტენციისა და სპეციფიკის სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობა განაპირობა.
ამხანაგობა „აქოლისთა“უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრის მომზადებას. გენგეგმა სარეკრეაციო და ტურისტული ზონების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების შექმნას, სატრნსპორტო სისტემების განახლებას ითვალისწინებს.
1994 წელს, ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა, რამაც ქალაქის საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა განაპირობა. UNESCO აქტიურად ითანამშრომლებს ამხანაგობასთან და ეტაპობრივად გასცემს რეკომენდაციებს ქალაქის უსისტემო და ქაოტური განვითარების თავიდან აცილებასა და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით.
მცხეთის გენგეგმის შემუშავება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პერიოდულად მოეწყობა განხილვები, როგორც სხვადასხვა უწყებასთან, ისე მოსახლეობასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან.
პროექტს მონიტორინგს გაუწევენ სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი და პროფესიული საკონსულტაციო საბჭოები.
ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის მომზადება წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ამხანაგობა „აქოლისში“ ერთიანდებიან ააიპ „საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტი“, შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“, შპს ,,თავისუფალი არქიტექტორები“, შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“, ააიპ ,,ინჟინრული აზრი“, შპს ,,ეს თი ეს“, შპს ,,პროექტ სერვისი“ და შპს ,,ჯ.თ.გ სტუდია“.
,,აქოლისის“ წევრებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა - გუდაურის, იყალთოს ხევის, უშგულის თემის სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმების და ტერიტორიების გამოყენება-განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება, ნიკორწმინდისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვა, ხერთვისის კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენა, მცხეთის ისტორიული ძეგლების მართვის გეგმის შემუშავება და სხვ.