აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გაიმართა
11 აპრილი 2019
მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს.
საპროექტო დოკუმენტაციას იტალიური საპროექტო კომპანია KEIOS და ქართული კომპანია CMC ჯგუფი ამზადებს. აღნიშნულმა კომპანიებმა აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გამართეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყველა ჩართულ მხარე ესწრებოდა.
კურორტ აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი ითვალისწინებს პარკების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, დამატებითი ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე ოცხეს დაზიანებული ნაპირის მოწესრიგებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც 2019 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის II კვარტლში დაიწყება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ევგენი ხარაძის მიერ დაარსებული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე მუშავდება დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.