წყალტუბოს პარკში შადრევნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
21 აპრილი 2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ წყალტუბოში, წყალტუბოს პარკში შადრევნის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს წყალტუბოს პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას. ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, შადრევნის მოპირკეთებას და მართვის შენობის მოწყობას.
,,მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს ინვესტიციას წყალტუბოში. წყალტუბოს პარკი როგორც ტურისტულად, ისე რეკრეაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით პარკში გრძელდება შადრევნის რეაბილიტაციის პროექტი. შადრევანი გახლავთ ტრადიციული, ისტორიის შემადგენელი ნაწილი და დამასრულებელი ფაზა იმ დიდი პარკის რეაბილიტაციისა, რომელიც ფონდმა განახორციელა“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.