წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა არ დაზიანებულა და გადაადგილება უსაფრთხოა
24 აპრილი 2019
მიუხედავად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებისა, გუშინ კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი ახალ გზა რამდენიმე თვეში სარემონტო გახდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ გზაზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა.
წყნეთი-ბეთანიის გზის დასათვალიერებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მშენებელი კომპანია და პროექტის განხორციელებაში ჩართული გერმანელი სპეციალისტი ადგილზე იმყოფებოდნენ და მედიის წარმომადგენლებს წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაასრულა. გზის რეაბილიტაციის პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში, მაქსიმალურად მოხდა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება.
საქართველოში პირველად დაინერგა ევროპული მეთოდი, რომელიც სპეციალური ბადეების დამონტაჟებას გულისხმობს. ეს ბადეები აჩერებს ინერციით მოძრავ ლოდებს. ასევე, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს შემოსასვლელსა და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და უზრუნველყოფს გზის ავტომატურ ჩაკეტვას.
მშენებლობის პროცესში მოხდა საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება, დადგინდა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელიც გათვლილია 8 ბალის სიმძლავრის სეისმურ ბიძგებსა და ჰიდროლოგიურ წნევებზე.