ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა
ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი, „ოქროს საწმისის ძიებაში“ გაიხსნა. სესიის დაწყებამდე სტუმრებმა, პავილიონებში წარმოდგენილი ადგილობრივი პროდუქციია დაათვალიერეს. სესია ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა.
მთავრობის ძალისხმევას ბიზნესის შესაძლებლობებისა და ინვესტირების პოტენციალთან დაკავშირებით, ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, ,,აწარმოე საქართველოში’’ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, ,საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი და საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ბიზნეს განვითარების კოორდინატორი ვარლამ ჭილაშვილი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს იმერეთის რეგიონის ცენტრში. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ინიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი აქტივობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა შემუშავებულ იქნა ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. გეგმის მთავარი მიზანია ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების გაზრდა. ქუთაისი არის პირველი ქალაქი რეგიონში, რომელიც დღეს და ხვალ უმასპინძლებს ადგილობრივ და უცხოელ ასობით ინვესტორს , რათა უკეთ მოხდეს ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალისა და მისი ფუნქციური ადგილების გაცნობა.
ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს შანსი ეძლევათ დაესწრონ პლენარულ სხდომებს თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, რომელიც ეხება: ტურიზმს, სამედიცინო-რეკრეაციულ ბიზნესს და სხვა.
ფორუმის განმავლობაში , მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება უკვე შემდგარ მეწარმეებს. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ მოხდება საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა და ქალაქში არსებული საინტერესო ბიზნეს შეთავაზებების გაცნობა. ბიზნესის წარმომადგენლებთან წარიმართება დისკუსია მათი გამოწვევებისა და მხარდაჭერის საჭიროების შესახებ ქალაქის მხრიდან.