მცხეთაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ 120 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები ახალ კორპუსებში გადაეცემა.
დასრულებული საცხოვრებელი სახლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად მცხეთაში დასრულებული დევნილთა სახლები მოინახულეს.
სამუშაოები ითვალისწინებდა 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და გარე განათების მონტაჟს. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
გარდა ამ პროექტისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, წყალტუბოში და ზუგდიდში ახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ საცხოვრებელ ბინას მიიღებს 3700 მეტი ოჯახი.
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.