მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნეს.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 4.7 მილიონი ლარია. პროექტის თანახმად, სრულად რეაბილიტირდა შენობა, მოეწყო საზაფხულო ამფითეატრი და ღია ავტოსადგომი, კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია.
“ეს არის კულტურის ცენტრი, რომელიც იქნება განახლებული სახლი სვანეთის, მესტიის მოსახლეობისთვის და პირველ რიგში 90 წლიანი გამოცდილების ანსამბლი „რიჰოსთვის“. ეს დიდი მომავლის მქონე ანსამბლია და განახლებული სივრცე მის მრავალრიცხოვან წევრებს მისცემს საშუალებას იფიქრონ ახალ გეგმებზე, გაფართოვებისა და განვითარების შესაძლებლობებზე. ფოლკლორის ცენტი იქნება საყვარელი ადგილი არამარტო მესტიელებისთვის, არამედ მესტიის სტუმრებისთვისაც,”- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
დაბა მესტიაში ფოლკლორის ცენტრი არ არსებობის გამო ადგილობრივ ანსამბლებს და ფოლკლორით დაინტერესებულ მოსახლეობას არ ჰქონდათ სათანადო პირობებში მუშაობისა და განვიტარების საშუალება. ახალი შენობა ადგილობრივ ანსამბლებს საშუალებას მისცემს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონცერტო დარბაზში ჩაატარონ რეპეტიციები, კონცერტები და გამართონ სხვადასხვა ღონისძიებები.