ქობულეთის 2 კილომეტრამდე სანაპირო ზოლის აღდგენა დასრულდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის ახლადაღდგენილი სანაპირო ზოლი დაათვალიერა.
„სასიხარულოა, რომ წელს დამსვენებელს ქობულეთში შეგვიძლია შევთავაზოთ სრულად აღდგენილი ბულვარი, დაახლოებით 2 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ნაპირდაცვით სამუშაოებთან ერთად გაკეთდა. ეს მნიშვნელოვანია რათა მომავალში ზღვამ არ დააზიანოს სანაპირო ზოლი. ამ და მსგავსი პროექტებით საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივ ბიზნესს, რომ შექმნან ახალი სივრცეები, მოაწყონ მეტი კომერციული ობიექტი და მიიღონ მეტი შემოსავალი ტურისტებისგან,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ბულვარის აღდგენის სამუშაო ურეკშიც დაიწყება და უკვე, მომავალი წლის მაისში, დამსვენებელს იქაც განახლებული სანაპირო დახვდება.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ქობულეთის ბულვარის განახლებაზე ჯამში დაახლოებით 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან, 2 მილიონ ლარზე მეტი მსოფლიო ბანკის, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაა.
პროექტი ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ სამუშაო გაჭიანურდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ტურისტული სეზონისათვის ზღვისპირა ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, გასულ წელს ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან შეწყდა და სამუშაოები სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ გააგრძელა. რამდენიმე თვეში ბულვარი ნაწილობრივ რეაბილიტირდა, წელს კი სანაპირო სრულად აღდგა და კეთილმოეწყო.