ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასასრულებლად სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა.
სტადიონი ზუგდიდში ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაიწყო, თუმცა სტადიონის დადგენილ სტანდარტში და ვადაში დასრულება ვერ მოხერხდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ზუგდიდის ძირითადი სტადიონის დასრულებისა და სათადარიგო სტადიონის მშენებლობის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას. სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10.5 მილიონი ლარია. სამუშაოების ნაწილი 2019 წელს შესრულდება.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდებზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3462